გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა: ჩემი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მანქანის სანაცვლოდ და ამაში ნათესავებს ვადანაშაულებ
“ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მოკლეს, თავს არ მოიკლავდა”, – ამის შესახებ საქართველოში გარდაცვლილი ახალგაზრდა ყახაზი გოგოს, აისელ აიტპაევას დედა, აისუ აიტპაევა აცხადებს, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება.
გარდაცვლილის დედის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.
“ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მოკლეს, თავს არ მოიკლავდა. ის გადმოაგდეს. ჩემი შვილი სამუშაოდ ნათესავმა ჩამოიყვანა აქ, ბოლოს რომ ვესაუბრე, შეშინებული იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მანქანის სანაცვლოდ და ამაში ნათესავებს ვადანაშაულებ, ვგეგმავ, მივიდე პოლიციაში და შემთხვევის ადგილზეც”, – აცხადებს აისელ აიტპაევას დედა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე სასამართლო პროცესი 23 ივნისს განახლდება. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მე-8 სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.