Pfizer-ში ვაქცინებზე პატენტების გაუქმების შესახებ აშშ-ის წინადადებას ეწინააღმდეგებიან

ამერიკული კომპანია Pfizer- ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა ეწინააღმდეგება აშშ-ის წინადადებას, შეჩერდეს კორონავირუსულ პრეპარატებზე პატენტების მოქმედება.

ამის შესახებ France Presse იტყობინება.

ამავე დროს, ბურლამ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების ქარხნების შესაძლებლობების გაზრდა.

”ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ არსებულ ობიექტებზე, რომლებსაც მილიარდობით დოზის წარმოება შეუძლია და დავრწმუნდეთ, რომ მათი მუშაობა არ ფერხდება პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებებით”, – თქვა მან.

ამასთან, მან დასძინა, რომ BioNTech-Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა მოითხოვს “ძალიან ხანგრძლივ” წარმოების პროცესს და “ღრმა ტექნიკურ ცოდნას” წარმოების საკუთარი მოედნების შესაქმნელად.

”ჩვენი ვაქცინა დაფუძნებულია ​ერთჯაჭვიან მოლეკულაზე (რნკ). მისი წარმოება წარმოების ხანგრძლივ პროცესსა და ღრმა ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. გამომდინარე იქედან, რომ აქამდე რნკ-ზე დაფუძნებული პრეპარატები არ შექმნილა, მსოფლიოში ასეთი ქარხნები არ არსებობს, გარდა იმ ქარხნებისა, რომლებიც ჩვენ ნულიდან ავაშენეთ,” – თქვა ბურლამ.

BioNTech-ში განაცხადეს, რომ პატენტები არ წარმოადგენს კორონავირუსის ვაქცინების წარმოებისა და მომარაგების შემაფერხებელ ფაქტორს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მათი გაუქმება არ გამოიწვევს გლობალური წარმოების ზრდას ან წამლის დოზების მომარაგებას მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პატენტების გაუქმებასთან დაკავშირებით, გამონაკლისის სახით, ერთსულოვნება არ არსებობს.

ინდოეთ-სამხრეთ აფრიკის წინადადებას ამჟამად მხარს ორგანიზაციის 164 წევრიდან 60 უჭერს, მათ შორის, ბოლივია, ვენესუელა, ეგვიპტე, მონღოლეთი და პაკისტანი.

აშშ-ის სავაჭრო სპიკერმა, კეტრინ ტაიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს შემოთავაზებულ ნაბიჯებს ვაქცინის პატენტებთან დაკავშირებით.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, ტედროს ადანო გებრეისუსი შეერთებული შტატების პოზიციას მიესალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები