ჩინური რაკეტ-მზიდი Long March 5B გაშვების შემდეგ უკონტროლო გახდა და შესაძლოა, უკვე უქმეებზე ატმოსფეროში შევიდეს და დედამიწაზე ჩამოვარდეს, ამასთან, უცნობია მისი ჩამოვარდნის ადგილი.
ამის შესახებ მედიას პენტაგონის წარმომადგენელმა, მაიკ ჰოვარდმა განუცხადა.
”დედამიწის ატმოსფეროში რაკეტის შესვლის ზუსტი ადგილმდებარეობა შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე”, – თქვა ჰოვარდმა და დასძინა, რომ პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რაკეტის ტრაექტორიას, რომლის ნამსხვრევები შესაძლოა, დედამიწაზე ჩამოვარდეს.
რაკეტა სიგრძეში, დაახლოებით, 30 მეტრია, 22 ტონას იწონის და კოსმოსში 29 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. ის იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას შესაძლოა, მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, თითქმის შეუძლებელია, ზუსტად განისაზღვროს, საით შეიძლება, იყოს მიმართული ნამსხვრევები რაკეტის ფრენის სიჩქარის გამო. მათი თქმით, გარემოებათა მცირე ცვლილებებიც კი მკვეთრად ცვლის მის ტრაექტორიას.
როგორც CNN-ს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკური ცენტრის მეცნიერმა, ჯონათან მაკდოელმა განუცხადა, ”ჩვენ ველოდებით, რომ იგი ატმოსფეროში ხელახლა შევა 8-დან 10 მაისამდე. ამ ორდღიანი პერიოდის განმავლობაში ის მსოფლიოს გარშემო 30-ჯერ იმოგზაურებს. ის მოძრაობს დაახლოებით 18 ათასი მილით საათში (დაახლოებით 29 ათასი კმ საათში). და თუ გათვლაში ერთი საათით შეცდით, მაშინ აღარ გეცოდინებათ, სად შეიძლება ჩამოვარდეს ის, 18 ათასი მილის რადიუსში.”