ნათია თურნავა: აცრილი ადამიანის მიმართ შეღავათები უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამაში კერძო სექტორიც აგვყვება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აცრილ ადამიანებს შეღავათები უნდა დაუწესდეთ არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამ პროცესში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს.
მისივე თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ზოგადად, არა მარტო ტურისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებით , ვინც გამოხატავს სურვილს და დროულად აიცრება, უწყებათაშორის საბჭოზე მიმდინარეობს საუბარი, თუ რა ბენეფიტები, რა შეღავათები გავრცელდეს მათზე.
ეს მსოფლიო პრაქტიკაც არის, მაგალითად, ისრაელი რომ ავიღოთ, იქაც ძალიან ბევრი შეღვათი იყო გავრცელებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიმართ შეღავათები უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამაში კერძო სექტორიც აგვყვება, მაგალითად, ფასდაკლებების აქციით, თუ რაიმე სხვა უპირატესობით. ამაზე ჩვენ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა ვიმსჯელოთ. სულ მალე მზად ვიქნებით ამისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.