შალვა პაპუაშვილი – ნიკა მელიაზე: გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს
„გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ნიკა მელიამ დაიმთავრა თავი, როგორც პოლიტიკოსმა.
„გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ჰყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი, როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა, მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 23 თებერვალს დააკავეს.
დღეს ნიკა მელიასთან შესახვედრად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ.