გია ხუხაშვილი: დღეს პოლიტიკურ ველზე ჯერ არშემოსული გახარიას მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე – ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიების ერთად
“დღეს პოლიტიკურ ველზე ჯერ არშემოსული გახარიას მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე – ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიების ერთად”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეს დაძაბულობა განიმუხტოს და იმ თემატური მუშაობის პროცესს დაუბრუნდეს, რაც საჭიროა ადგილობრივი, თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგის მისაღებად.
,,კარგია, რომ შეთანხმების დოკუმენტს მხარეებმა ხელი მოაწერეს და პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რისკი იმისა, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.
ექვსთვიანი ბოიკოტით ხელისუფლებამაც წააგო და ოპოზიციამაც. ამ პოლიტიკური ელიტის შემყურე ამომრჩეველი სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებს პროცესს, კიდევ მეტად რწმუნდება, რომ პოლიტიკური სპექტრი ვერ აკმაყოფილებს, უფრო სწორად, არც კი ფიქრობს საზოგადოების მოთხოვნებზე და დაკავებულია ერთმანეთთან კინკლაობით.
ბოლო დრომდე სრულიად გასაგები იყო მოქმედებების ლოგიკა. მელიამ თავისი ცნობილი განცხადებით მორალური დილემა სწორად გადაწყვიტა, არ დააყენა თავისი ბედი 20 ივნისის დაზარალებულების ბედის საპირწონედ. ჩაშალა ხელისუფლების გეგმა. ვგულისხმობ იმას, რომ მათ თავიანთი დანაშაულის დაფარვა სურდათ ისე, რომ ყველაფერი მელიას დაბრალებოდა.
მელიამ ეს გეგმა ჩაშალა და ამის შემდეგ მისი გაჯიუტების რაციონალურ მოტივს ვეღარ ვხედავ. მორალურად გამართულია და დღესვე რომ გამოვიდეს გირაოთი, ვერავინ ვეღარაფერს იტყვის. ის ახლა პოლიტიკურ პროცესში საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ გარკვეულწილად ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურაა. ოპოზიცია კი ბოლო დროს ძალიან წაეკიდა ერთმანეთს.
სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს დაძაბულობა განიმუხტოს და იმ თემატური მუშაობის პროცესს დაუბრუნდეს, რაც საჭიროა ადგილობრივი, თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგის მისაღებად, რაც საბოლოოდ რიგგარეშე არჩევნებს მოგვიტანს. რიგგარეშე არჩევნები საზოგადოებას სჭირდება, იმისთვის კი არა, რომ ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში ან პირიქით. ჩვენ პერმანენტულ კრიზისში ვიქნებით, სანამ ჯანსაღ და სამართლიან არჩევნებს არ ჩავატარებთ. პარლამენტში შესვლა კრიზისის გადალახვა არ არის, ეს მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლაა,” – განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციას, რომ მხარს არ დაუჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას დედაქალაქის მერის პოზიციაზე, იზიარებს.
,,მე ვიზიარებ ვაშაძის პოზიციას. თუ არჩევნები ისევ ორპოლუსიანი იქნება, ეს ხელისუფლებისთვის ნამდვილად იქნება კიდევ ერთი შანსი. ვფიქრობ, არჩევნების პირველ ტურში (ჩემი აზრით, მეორე ტური აუცილებლად გაიმართება) თბილისში ფრონტის ხაზი რაც შეიძლება ფართოდ უნდა გაიშალოს. ნიკა მელია როგორც “ნაციონალი” აუცილებლად იქნება ხელისუფლებისთვის კომფორტული ხმების დაქსაქსვისთვის. პირველ ტურში ყველა პარტიამ თავისი კანდიდატი უნდა დააყენოს, მეორეში კი მხარი დაუჭირონ ოპოზიციის საერთო კანდიდატს.
“გირჩი” პოლიტიკური გაუგებრობაა, რაც შეეხება “მოქალაქეებს”, არა მგონია მათთან “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” შეთანხმება შეძლონ. ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიებს სინერგია არა აქვთ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვაშაძის პოლიტიკური განაცხადი თეორიულად კარგია. მეც ვისურვებდი, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას, მაგრამ არარეალურია. დღეს პოლიტიკურ ველზე ჯერ არშემოსული გახარიას მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიების ერთად,” – განაცხადა ხუხაშვილმა.