გია ხუხაშვილი: შემიძლია ვივარაუდო, რომ გახარია მოერიდება ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებას, დაუპირისპირდება ძმებს, მაგრამ არა – მამას და იბრძოლებს საყვარელი შვილის პოზიციისთვის

“რაც შეეხება 20 ივნისის კომპრომატის გახარიას წინააღმდეგ გამოყენებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აქვს თავისი პასუხი, რასაც ჯერ არ ამბობს, მაგრამ თუ დასჭირდება, იტყვის”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გახარია, სავარაუდოდ, დაუპირისპირდება ფორმალურ ხელისუფლებას, ანუ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მაქსიმალურად გააკრიტიკებს, მაგრამ მოერიდება ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებას.

,,როდესაც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას გასვრის და გადააგდებს, ნიკა მელიას აყვანის ოპერაციას ვგულისხმობდი. ესე იგი, ეს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა გახარიას, იქ უნდა მომხდარიყო შეხლა-შემოხლა და გახარია, უკვე ბოლომდე დისკრედიტებული, არა მარტო 20 ივნისის საქმით, არამედ ამ სპეცოპერაციით დამძიმებული, უნდა გადამდგარიყო. ამ შემთხვევაში ამოცანა შესრულებული იქნებოდა. სავარაუდოდ, გახარია ჩანაფიქრს მიუხვდა და დასწრებაზე ითამაშა, გადადგა.

რაც შეეხება 20 ივნისის კომპრომატის გახარიას წინააღმდეგ გამოყენებას, როგორც ჩანს, ეს ადვილი არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ გახარიას აქვს თავისი პასუხი, რასაც ჯერ არ ამბობს, მაგრამ თუ დასჭირდება, იტყვის.

გახარიას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადი. მისი გუნდის წევრების რიტორიკა კი დიდად არ განსხვავდება “ოცნების” წევრების რიტორიკისგან. გუნდიდან წავიდნენ, მაგრამ უმრავლესობაც არ დაუტოვებიათ.

შემიძლია ვივარაუდო, თუ როგორი შეიძლება, იყოს გახარიას პოზიციონირება – ის ფორმალურ ხელისუფლებას, ანუ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მაქსიმალურად გააკრიტიკებს, მაგრამ მოერიდება ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებას. ესე იგი, დაუპირისპირდება ძმებს, მაგრამ არ დაუპირისპირდება მამას და იბრძოლებს საყვარელი შვილის პოზიციისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს, თუმცა, შეიძლება, მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები