დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში – ჯორჯ ველტონს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე, ის პროექტები, რომელთა ეფექტიანი და დროული განხორციელებაც მომავალში სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმირებაზე, ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განახლებადი ენერგიის ეფექტიან ათვისებაზე გამახვილდა. დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ მათთვის აქტუალურ ყველა პრობლემაზე.
შეხვედრაზე, დავით სონღულაშვილმა და ჯორჯ ველტონმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. ასევე, განხილული იქნა პანდემიასთან ბრძოლისა და ვაქცინაციის დროულად განხორციელების საკითხი. მხარეებმა მომავალში მჭიდრო და ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა დააფიქსირეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.