თამარ ტალიაშვილი: დღეს პარლამენტმა აჩვენა ევროპული ღირებულებების სტანდარტი
“არჩილ თალაკვაძემ, თავისი გადაწყვეტილებით, ახალი შესაძლებლობა შექმნა პარლამენტისთვის პოლიტიკური ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა უკვე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ხოლო ახალარჩეულ სპიკერს წარმატებები უსურვა.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე ოპოზიციის ნაწილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლით საქართველოს ევროპულმა არჩევანმა და საზოგადოებამ გაიმარჯვა.
“დღეს პარლამენტმა აჩვენა ევროპული ღირებულებების სტანდარტი.
არჩილ თალაკვაძემ, თავისი გადაწყვეტილებით, ახალი შესაძლებლობა შექმნა პარლამენტისთვის პოლიტიკური ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. ასე მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები იქცევიან.
დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ კახა კუჭავა, თავისი პროფესიონალიზმითა და საუკეთესო პერსონალური თვისებებით იქნება საქართველოს პარლამენტის ძალიან წარმატებული თავმჯდომარე.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გახდა იმითაც, რომ 6-თვიანი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრა და გაიმარჯვა საქართველოს ევროპულმა არჩევანმა. გაიმარჯვა საზოგადოების არჩევანმა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საერთო ეროვნული გამოწვევების წინაშე ერთიანობის სასარგებლოდ.
ნათელია, რომ ქვეყნის იმიჯისა და ევროპული მომავლისათვის საზიანო ნაბიჯებს დესტრუქციული ძალები კვლავ გადადგამენ, მაგრამ დღეს საბოლოოდ გაცხადდა, რომ ამ დესტრუქციულმა ძალებმა დაკარგეს პოზიციები როგორც ოპოზიციაში, ისე – ხალხისა და ევროპელი პარტნიორების თვალში”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.