მაკა ბოჭორიშვილი – „ევროკავშირს საქართველო სჭირდება, რომ იყოს კვლავ ლიდერი და შევძლოთ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება”
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბრიუსელში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ვიზიტი დატვირთული იყო ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით. პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის რანგში შედგა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი.
მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, თბილისში გამომგზავრებამდე, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ასევე, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტის წევრებთან და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატებთან, რომლებიც ზედმიწევნით კარგად არიან ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და გულშემატკივრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მან გააჟღერა ის მოლოდინი, რაც დღეს ბრიუსელში არის ჩვენი ქვეყნის და ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ.
„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკოსებმა პატივი სცენ მათ არჩევანს, პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ უკიდურესად პოლარიზებული გარემოს ჩანაცვლება კონსტრუქციული ტონით და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლისთვის მუშაობა ერთ სივრცეში. შეთანხმება, რომელსაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა “სამომავლო გზა საქართველოსთვის” უწოდა, უნდა გახდეს საფუძველი დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის მისაღწევად და არა პოლარიზაციის გასაღრმავებლად. კომპრომისი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხანგრძლივი მუშაობის და უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოიძებნა იმსახურებს პატივისცემას. კომპრომისი იმიტომ არის კომპრომისი, რომ ის სრულებით სასურველი შესაძლოა არ იყოს რომელიმე მხარისთვის, თუმცა მის საფუძველზე ხელმოწერილი შეთანხმება ყველა მხარის კეთილსინდისიერ მოპყრობას საჭიროებს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო სჭირდება, რომ იყოს კვლავ ლიდერი და შევძლოთ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ამისთვის საჭირო ინკლუზიური პროცესის წარმართვა პარლამენტში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა. „ჩემი მხრიდან მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა შეთანხმების მიღწევა, პირველ რიგში კი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში და რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზეც ისაუბრა, რომელიც თანა-თავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით წარიმართა. „ასამბლეის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი დისკუსიები ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით, ასოცირებული პარტნიორებისთვის ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივის გახსნის თაობაზე. მნიშვნელოვნად წამოვწიეთ წინ ასოცირებულ ქვეყნებთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რომლებიც უკვე სარგებლობენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, ევროკავშირის მიდგომების დაახლოების საჭიროება. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გავაჟღერეთ, საქართველოს ხელისუფლების გეგმა – 2024 წელს გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი და ბუნებრივია, ჩვენთვის აქტუალური იქნება ნებისმიერი ინიციატივის გამოყენება, რაც ხელს შეგვიწყობს საბოლოო მიზის მიღწევაში”, – მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის განაცხადი არ არის მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ზე მეტის დავალება, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა შეასრულონ.
„თითოეული ჩვენგანი საკუთარ ამომრჩეველს ევროპული გზის ერთგულებით ვაწონებთ თავს და ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ იმის გამბედაობაც გვეყოფა რომ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ვაქციოთ საერთო მიზნად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ბევრად მეტ დამაჯერებლობას შესძენს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.