გიორგი ვაშაძე: კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ პოლიტიკური კრიზისისგან
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს შარლ მიშელის მიერ შექმნილ შეთანხმების დოკუმენტსა და მასში გაწერილ პუნქტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პარლამენტში ოპოზიციის მისვლით დიდი ნაბიჯი იქნა გადადგმული, ამის მიზანი კი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისისგან დახსნაა.
“პირდაპირ მინდა, ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება და ეს შეთანხმება არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შექმნილი შეთანხმება.
შარლ მიშელის შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავათავისუფლოთ კონკრეტული ორი პოლიტიკური პატიმარი პასუხისმგებლობისგან. შარლ მიშელის დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოში არის ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემა და ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავასწოროთ კონკრეტულად ეს საარჩევნო სისტემა, ასევე, აღიარებულია, რომ საქართველოში არის მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა. დოკუმენტის მიხედვით შევთანხმდით, რომ საქართველოში ამიერიდან იქნება მხოლოდ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.