ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სხდომას ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა ესწრება
პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყო. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სხდომას ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა ესწრება.
გამოსვლის ბოლოს ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მადლობა გადაუხადა.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სხდომას ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა ესწრება. მე შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმების მთავარი ამოცანა არის ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება. ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია. მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პარტიამ შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მეტიც, ისინი არ შემოდიან პარლამენტში და აგრძელებენ “ქართული ოცნების” მიმართ აგრესიულ რიტორიკას, ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. “ქართული ოცნება” თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების შესრულებას. პარლამენტის თითოეულ წევრსა და პარტიას აქვს თავისი პასუხისმგებლობა. მადლობა მინდა, გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს ყველაფრისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა მოლაპარაკებების პროცესში. ის იყო პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.