სალომე სამადაშვილი: სააკაშვილი არის გამოცდილი პოლიტიკოსი და აქვს პოლიტიკური ალღო
“მე მითქვამს ადრეც, სააკაშვილის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ადამიანი ამდენი წელია, არ არის საქართველოში, მაგრამ ჰყავს, ფაქტობრივად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ამომრჩეველი”, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
ამავე დროს, მისი თქმით, აღნიშნულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ იზრდება.
“ამიტომ, სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ მას საკუთარი პოლიტიკური ჩართულობისთვის ისეთი გზა მოეძებნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციის გაძლიერებას. ეს გზა, ჩემი აზრით, პირველ რიგში კარგი იქნებოდა იმით დავიწყოთ, რომ განსხვავებული ოპოზიციური პარტია არ იქნას შერაცხული ხელისუფლებასთან გარიგებულად, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა, განსაკუთრებით როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და მერე გიწევს იმ ხალხთან თანამშრომლობა, რომლებსაც გარიგებულებს ეძახდი რამდენიმე კვირის თუ დღის წინ.
სააკაშვილი არის გამოცდილი პოლიტიკოსი და აქვს პოლიტიკური ალღო, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, იმიტომ რომ არ არის საქართველოში, ძალიან დისტანცირებული არის ამ პროცესებისგან, შეიძლება დრო სჭირდება, რომ გააცნობიეროს, რა არის სწორი ნაბიჯი, რადგან ალბათ, მასაც სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მან სწორი განცხადება გააკეთა, როცა განაცხადა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს, მას ესმის და ორი ადამიანია ვინც ხელი მოაწერა – გრიგოლ ვაშაძე და მე და ჩვენ ალბათ, ყველაზე კარგად გვესმის საერთაშორისო კონტექსტი, რომელშიც ქვეყანას უწევს არსებობა და საერთაშორისო კონტექსტი, ვფიქრობ, სააკაშვილსაც ესმის“, – აღნიშნა სამადაშვილმა.