“შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არის აშკარა მცდელობა იმისა, რომ უკვე მიღწეული შეთანხმება დაზიანდეს.
„ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს და თუკი მათ აქვთ ნება, გაყვნენ ამ შეთანხმებას, იქ ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. მათ თუ ეს სურთ, ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც ვფიქრობ, არავინ დაეთანხმება. ეს არის ძალიან აშკარა მცდელობა იმისა, რომ უკვე მიღწეული შეთანხმების დაზიანება მოხდეს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ – საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.