ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების და მოწყობა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 14.6 მლნ. ლარია. ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, რომელზეც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.