ირაკლი კობახიძე: ყველა პარტიამ უნდა იმოქმედოს შეთანხმების შესაბამისად, ეს ამოსავალი წერტილია
“ყველა პარტიამ უნდა იმოქმედოს შეთანხმების შესაბამისად, ეს ამოსავალი წერტილია”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებთან, კომისიაში თუ ევროპულ საბჭოში შეხვედრებზე მან მკაფიოდ დააფიქსირა მმართველი გუნდის მზადყოფნა, რომ პირნათლად მოხდება იმ დოკუმენტის შესრულება, რომელზეც უკვე პოლიტიკური პარტიების ხელმოწერაა.
„ყველა პარტიამ უნდა იმოქმედოს შეთანხმების შესაბამისად: ეს ამოსავალი წერტილია. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ითვალისწინებს, ერთი – გირაოს გადახდის უზრუნველყოფას ევროკავშირის მხრიდან. წესით, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ამ გირაოს საფუძველზე, თუმცა, ვიცით მისი პოზიცია და ეს ბავშვური თამაშები. მეორე არის ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს კანონი იქნება მიღებული იმ დოკუმენტის შესაბამისად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ევროპარლამენტარებისთვის მთავარია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი, საბოლოოდ, დასრულდეს. რაც შეეხება გზებს, მათ შორის, პატიმრებთან მიმართებით, ეს გზები ასახულია დოკუმენტში და ეს არის გირაო და ამნისტიის კანონი. მთავარია, ყველა გავყვეთ იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოეწერა. გვესმის, რომ ოპოზიცია ამ დოკუმენტს აღიქვამს საკუთარ მარცხად და ეს შეიძლება, სუბიექტურად ასეც იყოს, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შეხედონ ყველაფერს. ეს არის ქვეყნის გამარჯვება და თუ ვინმეს აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, მათ უნდა იმოქმედონ ამ დოკუმენტის თანახმად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.