ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ, აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება მას, მაშინ უნდა შეეხოს ყველა სხვასაც

“20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ, აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, მაშინ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სხვასაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს პატიება „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა ნება, აპატიოს ნიკანორ მელიას უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანარჩენი დამოკიდებულია ნიკანორ მელიაზე. მას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დოკუმენტის ტექსტითა და შინაარსით, რომელზეც განმარტებები ელჩებმა და კრისტიან დანიელსონმა გააკეთეს. ეს განმარტებები იყო ამნისტიის კანონზე მსჯელობის დროს. ამ შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. 20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, მაშინ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება, ამ მოვლენების დროს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველას და ეს ასე იყო განმარტებული ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები