ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც „2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“ შეეხება
“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება „2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის დოკუმენტით – „სამომავლო გზა საქართველოსთვის” ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება „2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“.
მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში კანონპროექტი დაინიცირდეს. კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას“, – წერს ანრი ოხანაშვილი.