თამარ გაბუნია: მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, თუ არის დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია კიდევ უფრო აქტიურად ხდება.

მისივე თქმით, პიკური მაჩვენებლები მაისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება. ამ სიტუაციაში სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდა. კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 1000-მდე საწოლი ეტაპობრივად ემატება იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ მობილიზაციის იმ ნიშნულს, რაც თებერვლის დასაწყისში გვქონდა – 5300-მდე საწოლი იყო იმ პერიოდში მობილიზებული. ასევე, მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი. შემთხვევების ამგვარი მატების პირობებში შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებსა და იმაზე, თუ მოსახლეობა ინდივიდურ დონეზე წესებს რამდენად დაიცავს. ახლა მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად რევიზიას აკეთებს გადაწყვეტილებების და ვნახოთ, მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, თუ არის აუცილებლობა დამატებითი ზომების მიღების”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები