ალეკო ელისაშვილი: ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ეს არის ცანცარის შედეგი
“ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ელენე ხოშტარიას არ უთქვამს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი მხრივ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მზად არიან, იმუშაონ, როგორც დეპუტატებმა და, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, რომ მანდატი შეუჩერდეთ, რაც უხერხული სიტუაციაა.
„ვამბობდით, რომ თუ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, თეორიულად შესაძლებლობა არსებობს, რომ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში შემოხვიდეთ-თქო. ზუსტად ასე ხომ მოხდა? ვამბობდით, ვინც მანდატებზე უარს ამბობდა და სიებს ხსნიდა, უხერხულში ჩავარდებოდა. ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ელენე ხოშტარიას არ უთქვამს. როგორი წინააღმდეგობრივი ვითარებაა – ერთი მხრივ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მზად არიან, იმუშაონ როგორც დეპუტატებმა და მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, რომ მანდატი შეუჩერდეთ. ძალიან უცნაური სიტუაციაა. ჩვენ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ-თქო და ეს არის ცანცარის შედეგი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, ამიტომ, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.