„ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან“ პრემიერმინისტრს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების არასრულწლოვანი შვილების ფინანსური უზრუნველყოფის ინიციატივით მიმართავს

ახალგაზრდული გაერთიანება – „ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან“, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების არასრულწლოვანი შვილების ფინანსური უზრუნველყოფის ინიციატივით მიმართავს.

“მიმდინარე წლის 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახვედრად, მდინარე ენგურის გადმოკვეთას ოკუპირებული ტერიტორიის 4 მაცხოვრებელი შეეცადა. როგორც ცნობილია, მცდელობა ტრაგედიით დასრულდა, ადიდებულმა მდინარემ თამუნა ცატავას, გვალია ელგუჯას, მაყვალა გამისონიასა და თამაზ ბასლანძის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩამოთვლილი პირებიდან, კერძოდ, თამუნა ცატავას ორი არასრულწლოვანი, 8 წლის ანრი და 5 წლის ეთერი, ელგუჯა გვალიასა და მაყვალა გამისონიას კი 7 წლის ილია დარჩათ.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული პირების დაღუპვა, ოკუპანტ რეჟიმთან ერთად, ნაწილობრივ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ენგურზე ე.წ. შავი გზით გადმოსვლის მცდელობა ნაწილობრივ მთავრობის მიერ დაწესებულ 5-დღიან კარანტინს უკავშირდება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე და არასრულწლოვანთა სრულყოფილი ცხოვრება უზრუნველყოს 18 წლამდე (ინიციატივა არ გულისხმობს იმ სახის დახმარებას, რომელსაც მარჩენალდაკარგულის სტატუსი ისედაც ითვალისწინებს).

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირებს დაუდგებათ ოკუპირებული რეგიონის დატოვების აუცილებლობა, მთავრობამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი, დევნილთათვის კუთვნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილება (იმ შემთხვევაში, თუ მათ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართი).

იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობის მეთაური აიღებს მის წილ პასუხისმგებლობას და ჩვენს ინიციატივას ადეკვატურად გამოეხმაურება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები