ანრი ოხანაშვილი: მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამინისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს
“მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამინისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ოხანაშვილი ამბობს, როგორც ჩანს, მელიას საკუთარ თავთან აქვს ვალდებულება, რომ ბოლომდე მოიხადოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის.
„უცნაურია, კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ჯერ ამბობდა – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო, ახლა ამბობს – არ გადავიხდი და არ გამოვალო. როგორც ჩანს, მას საკუთარ თავთან აქვს ვალდებულება, რომ ბოლომდე მოიხადოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე ცალსახაა, რომ მელია მონაწილეა და ერთგვარი ტყვეა სააკაშვილის პოლიტიკური თამაშების. მიუხედავად ამისა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ქართულმა ოცნებამ, როგოც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო ვალდებულება და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. თუ მელია უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, პარლამენტი მიიღებს ამინისტიის კანონს და ჩვენ, „მმართველი გუნდი“ მზად ვართ, მას ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაული, თუმცა, არ გამიკვირდება, რომ ამაზეც უარი თქვას მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.