მიშა მოდის? – რამდენჯერ გადაიფიქრა სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება

ვისაც გჯერათ, დაელოდეთ – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლითაც ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება ამჯერად თვითმართველობის არჩევნების წინ დაანონსა.

სააკაშვილის დაბრუნების არ სჯერათ მმართველ გუნდში. მის გაბედულობას ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიციაშიც და როგორც გიგა ბოკერიამ ერთხელ უკვე აღნიშნა, „სააკაშვილმა 20-ჯერ თქვა, რომ ჩამოდის… რაც მოვისმინეთ წმინდა წყლის სადღეგრძელოაო“.

„პრაიმტაიმი“ აქვეყნებს, რამდენჯერ დაანონსა და რამდენჯერ გადაიფიქრა საქართველოში დაბრუნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა:

2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით მან საქართველოს მოქალაქეობა დათმო, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, თუმცა პრეზიდენტ პოროშენკოსთან ურთიერთობები დაეძაბა და პოსტის დატოვება მოუწია.

1. საქართველოდან წასვლის შემდეგ სააკაშვილმა უკან დაბრუნების შესახებ პირველად 2014 წლის 22 მარტს განაცხადა, როდესაც ის საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს.

„რაც შეხება ჩემს საქართველოში ჩამოსვლას, მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ საქართველოს პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად”, – განაცხადა სააკაშვილმა.

2. სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ 2016 წელსაც განაცხადა, მაშინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ და ექსპრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

„შემოდგომის არჩევნების პერიოდში დიდი ალბათობით ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება”, – ეს განცხადება სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში 2016 წლის 25 აპრილს გააკეთა.

3. ექსპრეზიდენტის შემდეგი ხმაურიანი განცხადება საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მომდევნო წელს, 2017 წლის 3 დეკემბერს გავრცელდა.

„მინდა, გავაფრთხილო ივანიშვილი, ჩამოვალ საქართველოში. თამაშობთ ამ თამაშებს? ცუდად დაამთავრებთ, ჩამოვალ საქართველოში. მე არ წავალ ჰოლანდიაში, არ წავალ ევროპაში, როგორც ამათ უნდათ. ეს არის ამათი ერთობლივი თამაში (პოროშენკო და ქართული ოცნება)… ასე რომ, ამისთვისაც შეუძლიათ, იყვნენ მზად, როდესაც ამ თამაშებში შედიან პოროშენკოსთან და სხვა ადგილობრივ ოლიგარქებთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

4. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელი გავიდა და სააკაშვილმა ამჯერად, 2018 წლის 3 აპრილს ნიდერლანდებიდან საქართველოში მორიგი ჩამოსვლა დააანონსა. მაშინ ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა…

„ჩამოვალ საქართველოში და ყველა პროგრამას განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს”, – ამბობდა სააკაშვილი.
საგულისხმოა, რომ ამ განცხადებამდე ზუსტად 3 დღით ადრე, 2018 წლის 31 მარტს, სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია News One-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდა…

5. იმავე წელს, 7 თვის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დადო ჩამოსვლის პირობა.

„გილოცავთ გიორგობას, მალე ჩამოვალ საქართველოში!“ – ამ სიტყვებით მიმართ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის 23 ნოემბერს.

6. საქართველოში მორიგი ჩამოსვლის გეგმაზე მიხეილ სააკაშვილმა 2019 წელს ისევ ისაუბრა. ამჯერად, ექსპრეზიდენტი ყვარელში ვენახის მოსავლელად დაბრუნებას აპირებდა. პარალელურად, ამბობდა, რომ ან ყვარლის, ან ლაზიკის მერი გახდებოდა…

„მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, გავიხედ-გამოვიხედავ, მივიხედ-მოვიხედავ, დავწურავ პირველ მოსავალს – ძალიან მაგარ ღვინოს ვაკეთებ და მერე, შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, საერთოდ არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის…“, – განაცხადა 2019 წლის 3 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა.

7. ექსპრეზიდენტმა ჩამოსვლის შესახებ მორიგი განცხადება ისევ 2019 წელს გააკეთა, ამჯერად სექტებერში. ამბობდა, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში დაბრუნდებოდა, თუმცა მან გეგმები მალევე შეცვალა და კვლავ უკრაინაში დარჩა.

„მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ეს ძველად რომ იყო “მესიანებული“, ჩამოვიდა მესია ზემოდან და გადაწყვიტა ყველაფერი, ესე აღარ იქნება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

“უახლოეს თვეებში მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ…“, – ეს განცხადება კი სააკაშვილმა 2019 წლის 30 სექტემბერს გააკეთა.

8. ამ განცხადებიდან 3 თვეში, 2019 წლის 29 დეკემბერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ისევ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ აქვეყნებდა და წერდა, რომ როცა ჩამოვიდოდა ერთ-ერთ სალობიეს ესტუმრებოდა…

9. 2020 წლის 7 სექტემბერს სააკაშვილი კვლავ დაბრუნებაზე საუბრობდა.

„მზად ვარ, ვიტვირთო მთავრობის ხელმძღვანელის ფუნქცია, ვიქნები პრემიერ-მინისტრი არასრული ვადით, მაქსიმუმ ორი წელი, რაც იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიო ჭაობიდან“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამაზე ბევრს ვფიქრობ და მინდა გითხრათ, რომ მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არასრული ვადით, არამედ მაქსიმუმ ორი წელიწადი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

10. გასული წლის 1-ელ ნოემბერს, ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ თუ ოპოზიცია მას დაუძახებდა, ის პირველივე თვითმფრინავით ჩამოვიდოდა.

„თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე არ მინდა არცერთი თანამდებობა. ვარ მზად, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ“, – აღნიშნა სააკაშვილმა 2020 წლის 1-ლ ნოემბერს.

11. „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ” – ასე მიმართა თავის ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის 14 ნოემბერს ონლაინ ჩართვის დროს.

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. ადამიანი იხრჩობოდაო და.. ხომ იცით ეს – მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. შემომხედეთ კარგად, მე ვარ ბოლომდე, ბოლომდე, ბოლომდე წამსვლელი. მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გინდათ, რომ უბრალოდ სიცოცხლე კი არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი” – აღნიშნა სააკაშვილმა.

12. მან ჩამოსვლის შესახებ მორიგი განცხადება შემდეგ დღეს, 2020 წლის 15 ნოემბერსაც გააკეთა.

“მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა 15 ნოემბერს.

13. მიმდინარე წელს სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება უკვე სამჯერ დააანონსა.

2021 წლის 22 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში ქართველ მგზავრსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დიალოგი შედგა, სადაც ექსპრეზიდენტმა ტრადიციულ დაბრუნებაზე ისაუბრა.

„გელოდებით, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ“ – უთხრა მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერმა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს შემთხვევით სტამბულის აეროპორტში შეხვდა. სააკაშვილმა ახალგაზრდა მხარდამჭერს მიუგო, რომ როგორც კი დაუძახებენ, მაშინვე ჩამოვა საქართველოში.

მხარდამჭერი: გელოდებით, რომ ჩამოხვიდეთ საქართველოში.

სააკაშვილი: აი, როცა დამიძახებთ მაშინ ჩამოვალ.

მხარდამჭერი: ჩვენ გელოდებით ყველა, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ…

სააკაშვილი: როგორ არ მოვდივარ კაცო, აგერ პირდაპირ რეისს მოვახტები ეხლა.

14. ასევე ამ წლის 27 მარტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით სააკაშვილმა უპასუხა მათ, ვინც საქართველოში მის ჩამოსვლას ეწინააღმდეგება.

„თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ – საქართველო არის ჩემი სამშობლო!”, – წერდა 2021 წლის 27 მარტს, სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

15. დაბრუნების მესამე ანონსი კი დღეს, 20 აპრილს გაავრცელა და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვა.

“მე მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის (ადგილობრივი არჩევნები) წინ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების შემოქმედი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვაში.

წყარო: ,,პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები