ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მედიაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საქართველოს გამარჯვებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ძალისხმევასა და ყურადღება გაამახვილა ერთიანობის აუცილებლობაზე, რათა ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად.

შარლ მიშელმა პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა მისი ხედვისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები, სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო გეგმები. საუბრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და იმ მძიმე პრობლემებს, რომელსაც ოკუპაცია ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები