გია ბარამიძე: პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება, მიხეილ სააკაშვილის წინადადებას განიხილავს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ
“პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება, მიხეილ სააკაშვილის წინადადებას განიხილავს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გუნდის უმრავლესობა, ყველამ ის გზა უნდა აირჩიოს.
„რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გუნდის უმრავლესობა ჩვენი ლიდერების ხელმძღვანელობით, ცხადია, ყველამ ის გზა უნდა ავირჩიოთ. პირადად მე მაქვს ძალიან სერიოზული რეზერვაციები პარლამენტში იმ პირობებით შესვლასთან დაკავშირებით, რა პირობებიც არის ამ დოკუმენტში მოცემული. ერთადერთი, რაც მამხნევებს, არის ის, რომ ზუსტად ვიცი, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა დანამდვილებით და დასაბუთებით თქვა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, მისი სიცოცხლის თუ თავისუფლების ფასად, ჩამოვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა, განვიხილოთ მისი წინადადება. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, ამ საკითხს განიხილავს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბარამიძემ.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.