„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ყველას, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის, საკუთარი ამომრჩევლების, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკვე დიდი ხანია, რუსეთის თამაშს ღიად თამაშობს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჟაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა.
„გუშინ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი, რამაც დაასრულა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 6 თვეს გრძელდებოდა. რაც ყველაზე მთავარია, გუშინ მოხერხდა, რომ ოპოზიციის ნაწილი შარლ მიშელმა და ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებიდან დაიხსნა. თქვენ იცით, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, ახერხებდა იმას, რომ არც თავად შედიოდა პარლამენტში და არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს უშვებდა. ეს დიდწილად შეიძლება, დაკავშირებული იყო შანტაჟთანაც, ზეწოლასთანაც, მუქარასთან, მათ ერთობლივ წარსულთან თუ მომავალ გეგმებთან. ვგულისხმობ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც 5 %- იანი საარჩევნო ბარიერი იქნება და, ბუნებრივია, ოპოზიციურ პარტიებს შანსი არ რჩებოდათ, ასეთი მაღალი ბარიერი დამოუკიდებლად გადაელახათ. თუმცა, იცით, რომ ჯერ კიდევ დანიელსონის დოკუმენტში და გუშინ ხელმოწერილ დოკუმენტში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ 2024 და 2028 წლების საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი მაქსიმუმ 2 % უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. სწორედ ეს დარჩა ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ გუშინ ყველას, როგორც ევროკავშირის, ასევე, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლების, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ დოკუმენტს და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი დიდი ხანია, უკვე რუსეთის თამაშს ღიად თამაშობენ. ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობამ არიჩია, პარლამენტში შევიდა. იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკიდან საკანონმდებლო ორგანოში 3 დეპუტატი შედის, ასევე, „ევროპული საქართველოდანაც“ შედის წარმომადგენელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხრავე საარჩევნო სუბიეექტი, რომელიც ავირჩიეთ , პარლამენტში იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან, საკუთარ ამომრჩევლებთან სახე შეინარჩუნოს და რუსული თამაში ღიად არ გააგრძელოს, მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.
„დოკუმენტში 43 %-ის თაობაზე ჩანაწერი გაჩნდა. იგულისხმება ის, რომ თვითმართველობის არჩევნების დროს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული ხმების რაოდენობის 43 %-ზე ნაკლები აიღო, მაშინ ის ხელოვნურად შექმნის მიზეზებს, რათა პრეზიდენტმა 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ესეც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა, ვგულისმობ იმ 40 %-იან შეთავაზებას, რომელიც მმართველმა პარტიამ დანიელსონის დოკუმენტში თავად ჩაამატა. ასევე, იცით, რომ, მათ შორის, 8 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციაშიც კი არის ასახული ე.წ. ჩამკეტი 40 %-იანი მექანიზმი. თუ საქართველოს მასახლეობის გადაწყვეტილება იქნება ასეთი, რომ „ქართულ ოცნებს“ აღარ ჰქონდეს იმ დონის მხარდაჭერა, გადალახოს 43%-იანი ბარიერი, ეს სამართლებრივადაც, მორალურადაც და პოლიტიკურადაც, შეიძლება, რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გახდეს.
თუმცა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრობის“ ხელმოწერასა და მათი წარმომადგენლების პარლამეტში შესვლას, რადგან ვერცერთი პუნქტი ვერ განხორციელდება სრულფასოვნად, თუ აღმოჩნდა, რომ 113 ხმა ვერ შეგროვდა. მაშინ კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ განხორციელდება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, გაურკევევლ მდგომარეობაში აღმოჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მათთვის მიუღწეველი 5%-იანი ბარიერი დარჩება. ეს ბევრი მათგანისთვის გაართულებს სიტუაციას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ 6-თვიან ტყვეობაში მათ იმ ზომიერი ამომრჩეველის მხარდაჭერა დაკარგეს, რომელთაც მათი პარლამენტში ხილვა უნდოდათ, გუშინდელი ხელმოწერიდან გამომიდინარე კი ის რადიკალური ამომრჩეველიც დაკარგეს, რომელსაც უნდოდა, ისინი ქუჩაში, კარავში და არა პარლამეტში ეხილათ. თუმცა, მაინც ვიმეორებ, რომ „ნაციოანლურ მოძრაობას“, თუნდაც ფორმალურად, იმისათვის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიროებთან, საკუთარ ამომრჩევლებთან სახე შეინარჩუნონ და რუსული თამაში ღიად არ გააგრძელონ, დღეს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს. თუ არა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი საპარლამენტო წარმომადგენლობიდან არის რესურსი, ზოგიერთი მათგანი დოკუმენტს ინდივიდურად შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს.
მთავარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისთვის, საარჩევნო ბარიერის საკითხია. სწორედ დანიელსონისა და შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, ბარიერი 2 %-მდე უნდა იყოს დაწეული. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც მიშელის დოკუმენტშია წარმოდგენილი, ნაწილი მათგანი უკვე ინიცირებულია პარლამენტში, ნაწილი კი – საკანონმდებლო ორგანოში, ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი. არცერთ მათგანს, საარჩევნო ბარიერისა და გენერალური პროკურორის არჩევის გარდა, საკონსიტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება. ამიტომ, პარლამენტს ექნება საშუალება, ასეთი კანონპროექტები უმოკლეს დროში მიიღოს და , რაც ყველაზე მთავარია, უმოკლეს დროში განახორციელოს ის რეფორმები, რემელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ 2021 წლის არჩევნები უკვე განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციით, პროცედურებით ჩატარდეს იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც ეუთო-ოდირ-მა და სხვა საერთაშორიოსო პარტნიორებმა მოგვცეს“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ანალიტიკოსი “მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალების საკითხსაც გამოეხმაურა.
„ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ იმ მექანიზმებზე, რომელიც გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხება. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა 8 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. როგორი მადლიერები არიან ისინი პიროვნულად ამ შეწყალებისთვის, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. რამხელა რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, ესეც ვნახეთ. ამიტომ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილებით, ხელმოწერის არდასმისთვის არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც „ევროპულ საქართველოს“ არანაირი შანსი აღარ დაუტოვა. დაიდო პირობა, რომლის თანახმად, თუ ყველა მოაწერს ხელს და შევა პარლამენტში, პრეზიდენტი მისთვის ამ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯს კიდევ ერთხელ გადადგამს. მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ, რომ ასეთი პრინციპული და სერიოზული შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება გუშინ შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.
შეთანხმების ტექსტს ოპოზიციიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა – გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა – ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე, დოკუმენტზე ინდივიდური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა – სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა – დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტს არ შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
მმართველი გუნდის სახელით ტექსტს ხელი მოაწერეს: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს მიიღებს.
თამუნა შეყილაძე