დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა, მესმის, როცა პარტიის ლიდერი ციხეშია, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება – მამუკა ხაზარაძე

დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა, მესმის, როცა პარტიის ლიდერი ციხეშია, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი აზრით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, პირველი ნაბიჯია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა ქვეყნის არსებული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

„მინდა გითხრათ, რომ 6-თვიანი, საკმაოდ რთული მოლაპარაკების შედეგად, ძალიან დიდი ჩართულობით ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ, მიღწეულ იქნა შეთანხმება.

შეიძლება ეს არ არის იდეალური ხელშეკრულება, მაგრამ ეს არის ის ძირითადი და მაქსიმალური, რისი მიღწევაც ორივე მხარის და უფრო ოპოზიციური მხარის მონდომებით იქნა მიღწეული.

მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. კრიზისი ჩვენ ქვეყანაში მარტო პოლიტიკური არ არის, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, გვაქვს პანდემიის მართვის კრიზისი და გვაქვს უფუნქციოდ მყოფი საქართველოს მდგომარეობა. ამიტომ შემდგომი ნაბიჯები იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს არის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები. მე ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ეს მათ გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა, მესმის, როცა პარტიის ლიდერი არის ციხეში, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში მოეწერა ხელი.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები