ალეკო ელისაშვილი: ტყუილად გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა, იმ ხალხს პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში
“ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა, შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ რომ ვთქვით და შევედით, ლამის ჯვარს გვაცვეს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვინც ტყუილად ლანძღავდა ,,მოქალაქეებს” პარლამენტში შესვლის გამო, მათ პარლამენტის დარბაზში თვალებში ჩახედავენ.
„ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა, შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით, ლამის ჯვარს გვაცვეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს, რადგან ეს ქვეყანა გვიყვარს, იმიტომ, რომ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში და დავიწყეთ კიდეც უამრავ პრობლემაზე ლაპარაკიც და მათ მოგვარებაზე ზრუნვაც. იმიტომ, რომ უკვე ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო. და ამიტომ, ტყუილუბრალოდ გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა, ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა, იმ ხალხს, რა თქმა უნდა, პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში! მათ პასუხებს ყველა მოისმენთ“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.