“ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, რაც ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. გვქონდა საუბარი ყველა დეტალზე, არჩევნებთან, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც უკავშირდება არჩევნებს, სისხლის სამართლის საქმეებს, მთლიანობაში აბსოლუტურად ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, რჩევები არის ძალიან საინტერესო და დაგვეხმარება, საბოლოოდ, იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.