ნათია თურნავა: მოვუწოდებ საპროტესტო აქციის აქტივისტებს, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე
“მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, მათ, ვინც საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში – მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც ქვეყანა ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშეა, ესკალაცია იქნება კონტრპროდუქტიული.
„ახლა ასეთი ძლიერი მოწოდება წამოვიდა საპატრიარქოდან და ამ ფონზე მინდა, ვთქვა და ხელახლა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, ვინც კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას სოფელ ნამოხვანში, გადავდოთ გვერდზე ყველა ჩვენი ამბიცია. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე სწორი ფორმატი კითხვა-პასუხისა დიალოგში სპეციალისტების ჩართვაა. იმის გამო, რომ უშუალოდ მინისტრებისგან უნდათ პასუხების მოსმენა, მზად ვართ შეხვედრისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პასუხები გაგვაჩნია. თუნდაც 24-საათიან რეჟიმში შედგეს ეს შეხვედრა და ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი უშუალოდ აქტივისტებს. ნუ ვიტყვით უარს საუბარზე სხვადასხვა ხელოვნური მიზეზის გამო. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისა და ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, რადიკალური მოწოდებები შეწყდება და დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას. ნუ იტყვიან უარს დიალოგზე, ნუ იტყვიან უარს ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი, თუ მათ რეალურად აინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა. ულტიმატუმი დამღუპველი გზაა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ამაში გამოიჩინონ ძირითადი პატრიოტიზმი ახლა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე ვისაუბროთ მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, მოლაპარაკების მაგიდასთან და არა – კარავში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.