დიმიტრი ხუნდაძე – მელიას საქმეზე: საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა
“საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა ის, რაც მიუღებელი იყო, ის – რაც ნიკა მელიამ კანონის საწინააღმდეგოდ ჩაიდინა”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს პრეროგატივაა.
“საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა ის, რაც მიუღებელი იყო, ის – რაც მელიამ კანონის საწინააღმდეგოდ ჩაიდინა. ამაზე რეაქცია ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში ექნებოდა კანონს და ჩვენთან ეს მოხდა. საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა.
არ შეიძლება, კანონდარღვევა და კრიმინალი მოლაპარაკების საგანი გახდეს. საგამოძიებო ორგანო ვისაც ჩათვლის, რომ უნდა დაიკითხოს, ის უნდა დაიკითხოს. მე არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, არც ადვოკატი და ვერც მოსამართლე ვიქნები. თუ საგამოძიებო ორგანო ჩათვლის საჭიროდ ამა თუ იმ ადამიანის დაკითხვას, მიუხედავად მისი თანამდებობისა, რომ ამ პროცედურის ჩატარება საჭიროა, ამისთვისაც შესაბამისი პროცედურები არსებობს“, – განაცხადა ხუნდაძემ.