თეა წულუკიანმა ბრიტანეთის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა

თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალურ დირექტორს ზაზა ფურცელაძეს უმასპინძლეს და სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა კულტურის სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საბჭოს ჩართულობით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავისუფალ შემოქმედთათვის ელექტრონული პლატფორმის, ე.წ. „ვირტუალური ჰაბის” შექმნას, სადაც ნებისმიერ ხელოვანს საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს და წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედება. პლატფორმა სამინისტროსა და ხელოვანებს შორის კომუნიკაციის მიმართულებით ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე, ინკლუზიური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სხვადასხვა ასპექტში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამუზეუმო საქმიანობაში ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარება, თბილისისა და რეგიონების მუზეუმებს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მენეჯმენტსა თუ სამუზეუმო სივრცეების მოწყობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში.

ბრიტანეთის ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები