ანრი ოხანაშვილი – ,,გირჩზე”: თუ ვინმეს სურს, „ქართულ ოცნებას” დაუყენოს ულტიმატუმი, რომ ეს არის საკითხები და თუ გაიზიარებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვალთ პარლამენტშიო, ეს მიუღებელია
“თუ ვინმეს სურს, „ქართულ ოცნებას” დაუყენოს ულტიმატუმი, რომ ეს არის საკითხები და თუ გაიზიარებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვალთ პარლამენტშიო, საკითხს ამგვარად თუ სვამენ, ეს მიუღებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „გირჩის“ წარმოდგენილ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.
„დამოკიდებულება, რომ ვიღაცას რაღაც სურს, განახორციელოს, ფურცელზე ჩამოწეროს ყოველგვარი ანალიზის, მსჯელობის, განხილვის გარეშე და თქვას, თუ ამაზე დაგვეთანხმებით შემოვალთო, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ულტიმატუმების ენით არავის მივცემთ საშუალებას. თუ ვინმეს სურს, „ქართულ ოცნებას” დაუყენოს ულტიმატუმი, რომ ეს არის საკითხები და თუ გაიზიარებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვალთ პარლამენტშიო, საკითხს ამგვარად თუ სვამენ, ეს მიუღებელია. თუ საკითხს სვამენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხები, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანო იმისთვის არსებობს, რომ ვიმსჯელოთ. ოღონდ ისე კი არა, რომ რაღაცას დავეთანხმოთ, შემდეგ შემოვიდეთ და ისე ვიმსჯელოთ, არა – ჯერ ხდება განხილვა, საზოგადოებისთვის აზრის მიწოდება და ამ აზრის გაცვლა- გამოცვლის შემდეგ ყალიბდება კონკრეტული გადაწყვეტილება. კონკრეტული მანდატი ვინც მიიღო, ამ მანდატს სჭირდება ათვისება და არა – კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან შეთავაზება, რომ ეს საკითხი გაითვალისწინეთ. ეს ვერ გახდება ვაჭრობის საგანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.