“საქართველომ აირჩია ის გზა, რომ მოსახლეობის აცრა ამა თუ იმ სახის ვაქცინით უსაფრთხოებისა და შედეგიანობის ყველაზე მაღალი დადასტურების შემდეგ დაიწყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანმო-ს საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ.
„მსოფლიოში ერთგვარად ვაქცინების ომია. არცერთი სხვა სფერო ენერგო მატარებლიდან დაწყებული, ძვირფასი მეტალებით დასრულებული, ისეთი ყურადღების ქვეშ არ არის, როგორც ვაქცინები. საქართველომ აირჩია ის გზა, რომ მოსახლეობის აცრა ამა თუ იმ სახის ვაქცინით უსაფრთხოებისა და შედეგიანობის ყველაზე მაღალი დადასტურების შემდეგ დაიწყოს. ჯანმო-ს პოზიციაა, რომ მან დადასტურება მხოლოდ ორ ვაქცინას მისცა, ჩინურ ვაქცინაზე კი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ მოსალოდნელია, აპრილის ბოლოსკენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და წინასწარი მოცემულობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ. ვაქცინების ომია, რადგან „ასტრაზენეკაზეც“ ასე იყო. დიდი ინტერესების გადაკვეთა ხდება“, – განაცხადა სერგეენკომ.