ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული ორი პირი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს დაშავებული ორი ადამიანი სენაკის კლინიკა “არქიმედედან“ ქუთაისში, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“არქიმედეს“ დირექტორის მარეხ ადანაიას თქმით, ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი შეფასებით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ორივეს აღენიშნებოდა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები, მიღებული ჰქონდათ ტრავმები, რომელსაც ჩვენთან ადეკვატური მკურნალობა ვერ გაეწეოდა. მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ ქუთაისში. ორივეს ნეიროქირურგი და ის სამედიცინო სერვისები ესაჭიროებოდა, რაც ჩვენ არ გვაქვს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა მარეხ ადანაიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საწარმოში მძიმე სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა და ახლოს მდგომი, ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა.