სგს: ირანის მოქალაქის თვითმკვლელობის ტრაგიკული ფაქტის სააგენტოს საქმიანობასთან რაიმე ფორმით დაკავშირება ყოვლად უსაფუძვლოა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ირანის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფაქტის სააგენტოსთან დაკავშირება საფუძველს მოკლებულია.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუიციდის მოტივი ირანის მოქალაქისათვის ბინადრობის მოწმობის გაუქმება და საქართველოდან მისი დეპორტირების საფრთხე გახდა. პირველ რიგში, სერვისების განვითარების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წვერებს და ახლობლებს. რაც შეეხება სუიციდის შესაძლო მიზეზებს, სერვისების განვითარების სააგენტოსათვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ტრაგედიის დაკავშირება უწყების საქმიანობასა და მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტო განმარტავს, რომ ირანის მოქალაქემ უწყებას 7 აპრილს მიმართა და მოითხოვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება.

„განცხადება, კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში, დღემდე იყო განხილვის პროცესში, გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და, შესაბამისად, საუბარი დეპორტაციის საფრთხეზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სერვისების განვითარების სააგენტომ ირანის ამ მოქალაქეს ორჯერ გადაუვადა საქართველოდან გასვლის ვალდებულება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პირი ფლობდა ბინადრობის მოკლევადიან უფლებას 2018 და 2019 წლებში. 2021 წელს, მინდობილი პირის საშუალებით, მან კვლავ მოითხოვა ეს უფლება, თუმცა, მოგვიანებით, საქმისწარმოება თავისივე ინიციატივით შეწყვიტა. შესაბამისად, თვითმკვლელობის ტრაგიკული ფაქტის რაიმე ფორმით დაკავშირება სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობასთან ყოვლად უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელია“ – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

თბილისში, ირანის მოქალაქემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სუიციდის მიზეზი მოსალოდნელი დეპორტაცია გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები