ადვოკატი: პოლიციამ ლაშა ქუთათელაძე დააკავა

სამართალდამცველებმა „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთათელაძის ადვოკატი სალომე სალდაძე ადასტურებს.

სალდაძის განცხადებით, ქუთათელაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რასაც როგორც ადვოკატი ამბობს, რეალურად ადგილი არ ჰქონია.

„უკვე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ლაშა ქუთათელაძეს და მივიღე მისგან ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ წარდგენილი პრეტენზია, რაც აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს მასთან მიმართებაში, არ არის საფუძვლიანი და არ უნდა მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად ეს პირი. მას ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ქუთათელაძე გადაადგილებას „გუმათჰესთან“ სამართალდამცავების მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა, რა დროსაც ის დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაა, რაც “გუმათჰესთან” პოლიციას საკონტროლო გამშვები პუნქტი აქვს მოწყობილი. სამართალდამცველები ყველა იმ ადამიანს და ავტომობილს ამოწმებენ, ვინც რიონის ხეობაში გადაადგილდება. საკონტროლო პუნქტი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც „ნამახვანჰესების” კასკადის მშენებელმა კომპანია „ენკამ” ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები