ალეკო ელისაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან ფასილიტატორებისთვის მადლობა კი არ უნდა მოგვესმინა, არამედ უხერხულობა და თვითკრიტიკა, რომ ამ კუთხითაც მისი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ ახერხებს
“პრეზიდენტის მხრიდან ფასილიტატორებისთვის მადლობა კი არ უნდა მოგვესმინა, არამედ უხერხულობა და თვითკრიტიკა, რომ ამ კუთხითაც მისი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ ახერხებს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.
„პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ, მოულოდნელად ხანმოკლე და ძალიან ზოგადი იყო. ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები და საკითხები, რომლებიც პრეზიდენტის მხრიდან უფრო მეტ ჩაღრმავებას ნამდვილად იმსახურებს.
რომ ჰკითხო, ზეპარტიული პრეზიდენტია და რაში გვჭირდება ეს ზეპარტიულობა, თუ რეალურად არ განხორციელდება. პირველი სივრცე, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დიალოგი, საელჩოები კი არ უნდა იყოს, კარგია, რომ საელჩოებია, მაგრამ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს. ერთხელ გვიმასპინძლეს და ისიც იმისთვის, რომ შარლ მიშელისთვის უნდა მოგვესმინა და არა – ზურაბიშვილისთვის. ამისთვის ვიხდით ფულს. მისი მხრიდან ფასილიტატორებისთვის მადლობა კი არ უნდა მოგვესმინა, არამედ უხერხულობა და თვითკრიტიკა, რომ ამ კუთხითაც მისი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ ახერხებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.