სალომე ზურაბიშვილი – ,,ნამახვანჰესზე”: ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები, უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება
“სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ,,ნამახვანჰესის” ბედს, არამედ – მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტისა და ყველა შესაძლო საფრთხის.
,,უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა.
საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებითაც გაყოფილია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობასა და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს.
ამ კრიზისის დაძლევაში სოლიდარობა გვჭირდება, როგორც არასდროს. ინკლუზიური მიდგომებითა და სოციალური პასუხისმგებლობით უნდა ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლებას, ინვესტიციების მოზიდვასა და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ სოცილაურად დაუცველი ფენებს ჩვენი საზოგადოებისა.
ამ ეკონომიკასთან დაკავშირებლ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთ მაგალითს ვხვდებით ,,ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე დაპირსიპირება.
ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.
მეორე მხრივ კი, ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო-დამოუკდიებლობას ანიჭებენ უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებენ.
ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის.
სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ – მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით.
ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება, გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.