„9 აპრილი არის ტრაგედიის დღე, რომელიც, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევით, გარდაისახა ტრიუმფად“
9 აპრილთან დაკავშირებით კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„შესაძლოა, ელემენტარულია, რაც აქ წერია, მაგრამ კიდევ ერთხელ წაკითხვა არავის აწყენს, მეტადრე ახალ თაობას – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავი
ამა წლის 9 აპრილს სრულდება 30 წლისთავი იმ დღიდან, როდესაც აღდგენილი იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა. რა გზა გაიარა ამისთვის ქვეყანამ და რა ვითარებაში მოხდა ეს? რომელ პოლიტიკურ ტრადიციაზე აღმოცენდა ეს დამოუკიდებლობა?
საქართველოს სსრ იყო საბჭოთა კავშირის, მსოფლიოს გეოპოლიტიკური კოლოსის ერთი მოკავშირე რესპუბლიკა 15 რესპუბლიკიდან და იგი თავისი ნებით არ შესულა მასში, უფრო სწორედ ბოლშევიკური რუსეთის მიერ დომინირებულ მის წინარე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში, საიდანაც 1922 წლის 30 დეკემბერს მივიღეთ სსრკ. საქართველოს სსრ-ს სუვერენიტეტი ძალიან შეზღუდული და სრულიად ფორმალური იყო. მანამდე, ანუ 1918-1921 წლებში არსებობდა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფოს ყველანაირი ატრიბუტიკა, სიმბოლოები, კონსტიტუცია და მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც de jure აღიარებული იყო მაშინდელი მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი აქტორის, მათ შორის საბჭოთა რუსეთის მიერ. იგი ოკუპირებული იქნა წითელი არმიის შემოჭრის შედეგად 1921 წლის 25 თებერვალს. პირველი მსოფლიო ომის კატასტროფით დასუსტებულმა დასავლეთის ქვეყნებმა, მიუხედავად გარკვეული მხარდაჭერისა, ვერ შეძლეს ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის. საფრანგეთმა თავშესაფარი მისცა ემიგრაციულ მთავრობას და იურიდიულად სცნობდა მას 1932 წლამდე.
ბოლშევიკებმა საქართველოში ოკუპაციისთანავე გააუქმეს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. დაშალეს ადგილობრივი თვითმმართველობაც. 1922 წელს ისტორიული შიდა ზემო ქართლის და დვალეთის ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკურად ქართული მოსახლეობა უმრავლესობაში იყო, შექმნეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი; მანამდე აფხაზეთის ავტონომია 1931 წლამდე სტატუსით ბოლომდე არც გამოყვეს და არც მთლად დამოუკიდებელ სსრ-დ აქციეს; ხოლო თურქეთთან დადეს ხელშეკრულება, რომ აჭარა მიიღებდა პოლიტიკური ავტონომიის სტატუსს რელიგიური ანუ ისლამური ფაქტორის გამო და ეს განახორციელეს კიდეც. მათვე მავნებლურად და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ გაავლეს საქართველოს სსრ-ს საზღვრები.
თუმცა ქართული საზოგადოება არასოდეს შეგუებია ამ ოკუპაციას, ეს ჩანს 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის დიდი ეროვნულ აჯანყებიდან, რომელიც წარუმატებლად და საბჭოთა სადამსჯელო ორგანოების მხრიდან განპირობებული დიდი მსხვერპლით და რეპრესიებით დასრულდა. ამის შემდეგ რეპრესიები „ინდეპენდისტურად“ განწყობილი ქართული საზოგადოების მიმართ პერიოდულად ხორციელდებოდა, რაც იმის ნიშანია, რომ „ინდეპენდისტური“ განწყობები ქვეყანაში ყოველთვის იყო. ამაზე მეტყველებს არაერთი მნიშვნელოვანი ადამიანის ბიოგრაფია, ასევე ამ დროის არაერთი წიგნი. ამისავე დასტური იყო თუნდაც საქართველოში, გასული საუკუნის 70-იან წლებში „სხვაგვარად მოაზროვნეთა“ ანუ დისიდენტთა მოძრაობის გაჩენა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელსაც მიესალმნენ რუსი დისიდენტები: ანდრეი სახაროვი და მისი კოლეგები.
ამ ახალი ტენდენციის სიმპტომი მსოფლიოში იყო ჰელსინკის ხელშეკრულება 1975 წელს და სსრკ-ს მხრიდან მისი ძირითადი ოქმის ხელმოწერა. ასევე საქართველოში ჰელსინკის ჯგუფის შექმნა 1976 წელს, რომელსაც მონიტორინგი უნდა გაეწია იმისთვის, თუ რამდენად ასრულებს საბჭოთა სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებს. ორივე ჯგუფის დამაარსებელი იყო ფილოლოგიის დოქტორი, ანგლო-ამერიკული და ქართული ლიტერატურის მკვლევარი, მწერალი და მთარგმნელი ზვიად გამსახურდია, შემდგომში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლი, მუსიკოსი მერაბ კოსტავა ამ აქტივობების გამო საბჭოთა ორგანოებმა დააკავეს და გაასამართლეს. ამ ორს, ასევე სხვა ათობით ადამიანს მოუწიათ „ლაგერებში“ და გადასახლებაში წასვლა. ქართველი „სხვაგვარად მოაზროვნეები“ იმის გამოც იყვნენ პოპულარულნი საქართველოში, რომ ისინი ითვალისწინებდნენ საზოგადოების განწყობას – რომ დასაცავი იყო არა მარტო ადამიანის უფლებები, არამედ გამოსასწორებელი იყო ის დიდი უსამართლობა, რაც მოხდა 1921 წლის თებერვალში – დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია ლენინის და სტალინის ბოლშევიკური რუსეთის მიერ.
როდესაც საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი და გამოცხადდა „პერესტროიკა“, დემოკრატიული პროცესები დაიწყო საქართველოშიც, თუმცა „ჰარდლაინერული“, ბრეჟნევიზმის მიმდევარი კომუნისტური ხელმძღვანელობა ედუარდ შევარდნაძის მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად გადასვლის შემდეგ ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ ცვლილებას. ამ დროისთვის საქართველოს ჰელსინკის ჯგუფიდან და მის პარალელურად შეიქმნა რამდენიმე ახალი პარტია და მოძრაობა. მათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასა უჭერდათ მხარს. 1988 წელს პირველად გაიმართა დამოუკიდებლობის გამოცხადების ზეიმი, რომელზეც პირველად გამოჩნდა დამოუკიდებლობის პერიოდის ეროვნული დროშები. ამას მოჰყვა ჯერ 1988 წლის ნოემბრის მასობრივი აქციები უმაღლესის საბჭოს შენობასთან თბილისში, სადაც აპროტესტებდნენ სსრკ-დან რესპუბლიკების გამოყოფაზე უფლების შემცველი პუნქტის ამოღებას საბჭოთა კონსტიტუციიდან. საბჭოთა კავშირის 1978 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ასეთი უფლება რესპუბლიკებს ჰქონდათ, მაგრამ მას არ ახლდა არანაირი ნორმატიული აქტი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს გამოყოფა.
1989 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში სეპარატისტულად განწყობილმა საზოგადოებამ ლიხნის დოკუმენტით მიმართა კრემლს, რათა მას აფხაზეთი სსრ-დ ეცნო, რუსთაველზე დაიწყო ასევე მასობრივი აქციები უკვე ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მოთხოვით, რასაც შედეგად მოჰყვა 9 აპრილის ღამით საბჭოთა სპეცდანიშნულების ძალების მიერ მიტინგის დარბევა, რომლის დროსაც გამოიყენეს ალესილი ნიჩბები და მომწამლავი ნივთიერებები. შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა და მოიწამლა მიტინგის ასობით მონაწილე. ამ სისხლისღვრამდე დარბევის დამგეგმავებმა დემონსტანტებისგან ულტიმატუმურად მოითხოვეს მიტინგის დაშლა, რაც აქციის მონაწილეებმა არ მოისურვეს. საბჭოთა ორგანოებმა ამ ყველაფერში ეროვნული მოძრაობის ლიდერები დაადანაშაულეს და დააკავეს ისინი, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, გაენთავისუფლებინათ ისინი 50 დღეში. ამის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მთელი საქართველო მოიცვა.
ეროვნული მოძრაობის წინაშე დადგა საკითხი ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობისა, და ამის პრეცედენტები იყო ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, სადაც ადგილობრივი „ინდეპენდისტური“ მოძრაობები „სახალხო ფრონტების“ სახით შევიდნენ პარლამენტებში. საქართველოში შეიქმნა ორი პლატფორმა. ერთი იყო „ეროვნული ფორუმი“, რომელიც მოითხოვდა ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანებას არაფორმალურ ეროვნულ კონგრესში, რომელიც ოფიციალური პარლამენტის პარალელურად იარსებებდა. მათი არგუმენტი იყო ის, რომ ვიდრე ქვეყანაში საბჭოთა არმია არის სტაციონირებული, არ შეიძლება ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ორგანოს კოორდინაცია უნდა გაეწია საკმაოდ ეფემერული “ეროვნული დაუმორჩილებლობისთვის”.
მეორე პლატფორმა იყო „მრგვალი მაგიდის“ პლატფორმა, რომელშიც რამოდენიმე პარტია გაერთიანდა ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო საჭირო ორი პარალელური ორგანო, ერთი ოფიციალური-კომუნისტური და მეორე არაფორმალურ-ანტიკომუნისტური, არჩეული არაფორმალურად, არამედ უნდა არჩეულიყო ერთადერთი, არაკომუნისტური, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად სავსებით ოფიციალური პარლამენტი. ამისთვის კი საჭირო იყო ზეწოლის მოხდენა არსებულ, კომუნისტებით დომინირებულ უმაღლეს საბჭოზე, რათა მიღებული ყოფილიყო ახალი კანონმდებლობა მრავალპარტიულ არჩევნებზე და დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის შექმნაზე, რომელშიც დარეგისტრირდებოდნენ არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე პარტიები.
როგორც ცნობილია, საბჭოურ არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია – კომუნისტური პარტია – მონაწილეობდა, ხოლო მაჟორიტარული არჩევნებით არჩეულ დეპუტატებს არეგისტრირებდნენ საბჭოთა ორგანოები. „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, არსებულ ხელისუფლებასთან დიალოგით და პოლიტიკური ზეწოლით, მოახერხეს კანონმდებლობის შეცვლა და ასეთი პირველი „არასაბჭოთა, მრავალპარტიული არჩევნების“ დანიშვნა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მთელს სივრცეში. იგი ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს. დეპუტატთა ნახევარი არჩეულ იქნა პარტიული სიებით, ნახევარი – მაჟორიტარული არჩევნებით. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“, მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტური პარტია. პარლამენტში წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელ დეპუტატთა კიდევ 2 ფრაქცია. უზენაესი საბჭოს ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ზვიად გამსახურდია, ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი, ამ დროისთვის უკვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერი.
„უზენაესმა საბჭომ“, ანუ პარლამენტმა გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი, მიიღო დროებითი კონსტიტუცია, ასევე კანონები ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.
გარდამავალი პერიოდი წესით 5 წელიწადი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირში შეიქმნა ცუგცვანგის სიტუაციები. საბჭოთა იმპერიის ცენტრი ძალიან აგრესიულად რეაგირებდა საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებლობისკენ მიმართულ კურსზე, საბჭოთა სპეცსამსახურები კი ცდილობდნენ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისთვის პირობების შექმნას და მათ პროვოცირებას. პარალელურად, 17 მარტს, მოსკოვმა დაანონსდა რეფერენდუმი კითხვით, გსურთ თუ არა სსრკ-ს შენარჩუნება.
საქართველოში და ბალტიურ ქვეყნებში ეს რეფერენდუმი არ ჩატარდა, მოსახლეობის მხრიდან ბოიკოტის გამო. რამდენადაც საფრთხე ცენტრის მხრიდან გაიზარდა, ამის გამო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო რეფერენდუმი ერთი კითხვით – „გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის საფუძველზე?“ ეს რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს და ამ კითხვას დადებითად უპასუხა მასში მონაწილეთა 98,5 პროცენტმა.
ამ რეფერენდუმის შედეგიდან გამომდინარე პარლამენტმა იმავე წლის 9 აპრილს მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც ეფუძნებოდა 1918 წლის 26 მაისის დოკუმენტს. აქტში აღინიშნა, რომ საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, რომ მისი სახელმწიფოებრიობა, კონსტიტუცია და დამოუკიდებლობის აქტი იურიდიულად არ გაუქმებულა, რამდენადაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. ასევე ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფოდა დაეკავებინა ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებდა და უზრუნველყოფდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის ყველა ძირითად უფლებას და თავისუფლებას, როგორც ამას ითხოვს გაეროს წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები. სიმბოლური იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს, იმ დღეს, როდესაც ორი წლის წინ ადამიანებმა თავისუფლების იდეისთვის გაიღეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ – სიცოცხლე. ამით 9 აპრილი არის ტრაგედიის დღე, რომელიც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევით გარდაისახა ტრიუმფად.
საქართველომ დამოუკიდებლობის შემდეგ საკმაოდ მძიმე და არამარტივი პერიოდები გადაიტანა ოთხი ხელისუფლების მმართველობის დროს – ესენია სახელმწიფო გადატრიალება და შეიარაღებული პუტჩი, შიდაქართული არეულობა, ორი ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე ფრონტალური სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან და ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი, უსისხლო რევოლუცია მისი თანამდევი რყევებით, პროდუქტიული რეფორმები და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე საკმაოდ მღელვარე პერიოდები მიტინგებითა და მანიფესტაციებით; ქვეყანა 1992 წლიდან გაწევრიანდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ევროკავშირთან დაახლოება და ნატოში გაწევრიანება ეს იყო და არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც მის ყველა ხელისუფლებისთვის, ამ დროიდან მოყოლებული რელევანტურია. განვითარდა ბილეტერალური ურთიერთობა არაერთ ქვეყანასთან, ქვეყნის ტერიტორიაზე გავიდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზის და ნავთობის მილსადენები, რამაც მისი მნიშვნელობა გაზარდა.
საგარეო პოლიტიკის დარგში აღსანიშნავი მიღწევებია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. კავკასიაში, როგორც მსოფლიოს გეოპოლიტიკურად ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში საქართველოს ამოცანაა შინაგანი სტაბილობის და მყარი დემოკრატიული სისტემის მიღწევა, როდესაც ხელისუფლებების ცვლილებისთვის ქვეყანა არ გადაიხდის მძიმე საფასურს. საქართველო როგორც ევროპულ, ისე მსოფლიო თანამეგობრობაში იმგვარად უნდა შევიდეს, რომ მისი ცივილიზატორული წვლილი უფრო მეტად იქნეს პროფილირებული და აღქმული, ვიდრე ეს აქამდე იყო“, – წერს კონტანტინე გამსახურდია.