„დიდი ხმაურია აფხაზეთში – ადამიანებს აინტერესებთ, მართლა დაჰპირდა, თუ არა ბჟანია რუსეთს ისეთი ზომების განახორციელებას, რითაც აფხაზეთი რუსეთის 86-ე რეგიონი გახდება“

“დიდი ხმაურია აფხაზეთში. ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება მათ თავს, მართლა დაჰპირდა, თუ არა ბჟანია რუსეთს, რომ ისეთ ზომებს განახორციელებს, რომლის შედეგადაც აფხაზეთი რუსეთის 86-ე რეგიონი გახდება“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური ცხოვრება იმ პროგრამის გარშემო ტრიალებს, რომელსაც ხელი გასული წლის 12 ნოემბერს მოეწერა. ამ პროგრამას „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა“ ჰქვია. თუმცა, ამ დოკუმენტს არავინ ასახელებს. არის ასეთი რუსი სამხედრო ჟურნალისტი – პეგოვი. ის აფხაზეთში არსებული ვითარებით ძალიან უკმაყოფილოა. ამ ადამიანმა გამოაქვეყნა ნაწყვეტი დოკუმენტიდან, რომელიც, თითქოს, ბატონმა ბჟანიამ კრემლს გაუგზავნა. ეს დოკუმენტი მთელ რიგ დაპირებებს შეიცავს. გამოქვეყნებული ნაწილიდან ჩანს, რომ ბჟანია კრემლს უძრავი ქონების პრობლემებისა და სხვა მთელი რიგი პრობლემების მოგვარების შესახებ ჰპირდება. ამან დიდი ხმაური გამოიწვია აფხაზეთში. ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება მათ თავს, მართლა დაჰპირდა, თუ არა ბჟანია რუსეთს, რომ ისეთ ზომებს განახორციელებს, რომლის შედეგადაც აფხაზეთი რუსეთის 86-ე რეგიონი გახდება“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, რუსულ მედიაში აფხაზეთის შესახებ უარყოფითი პუბლიკაციები გააქტიურდა.

„რუსულ გაზეთებში აფხაზეთის შესახებ პუბლიკაციები განსაკუთრებით გააქტიურდა, თანაც – ძალიან უარყოფითი. მინდა, 3 პუბლიკაცია დავასახელო, რომელიც ძალიან საინტერესოა. ერთერთ წერილს „მიგდებული ქვეყანა“ ჰქვია. საკმაოდ ვრცელი წერილია,სადაც ნაჩვენებია, რომ 30 წლის განმავლობაში აფხაზეთში არათუ არაფერი აშენებულა, არამედ პირიქით, დაინგრა. დასკვნა რაც კეთდება, არის ის, რომ აფხაზებს არაფრის თავი არ აქვთ და არაფრის აშენება არ შეუძლიათ. იწერება, რომ ერთადერთი, ვინც ამ ამ საკითხებს მოაგვარებს, რუსეთია. ჟურნალისტი კომენტარებს ტატიანა პოლოსკოვას სთხოვს. ეს ქალბატონი რუსეთის სახელისუფლებო დერეფნებში საკმაოდ ცნობილი და მიღებული პიროვნებაა. ის ფილოსოფიისა და იურიდიულ მეცნირებათა დოქტორია. თუ სადმე რუსეთი თავისი ჯარებით გამოჩენილა, ყველაგან ეს ქალბატონი ჩანს. მან აფხაზეთის სიტუაცია ძალიან კარგად იცის. ის ამბობს, რომ ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს: პირველი, მისი აზრით, არის ის, რომ რუსეთმა აფხაზეთში გარეშე მმართველი უნდა დანიშნოს. მეორე – თუ აფხაზეთი არ შეასრულებს დაპირებებს, მაშინ რუსეთმა დაფინანსება უნდა შეუწყვიტოს. მესამე გამოსავალი, რასაც რუსეთის ხელისუფლებას სთავაზობს, არის ის, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. ეს ძალიან საინტერესოა.
მეორე წერილიც გამოქვეყნდა, რომელიც ე.წ. კანონმდებლობის ჰარმონიზაიას ეხება. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთს დაპირებები არ შეუსრულებია. მესამე წერილის სათაურია – „მოიტანე, მომართვი, ფული მომეცი და ხელი არ შემიშალო.“ სტატიაში ნათქვამია, რუსულ-აფხაზური ურთიერთობაა ასეთიო. წერილის შინაარსი სათაურიდანვე ჩანს. რუსეთში დღის წესრიგში აფხაზეთის ანქესიის საკითხი დგას და ამას აფხაზები კარგად გრძნობენ“, – განაცხადა გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები