დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვოს
“ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვოს, ხელში არა მხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგის მისაღწევად მხოლოდ მმართველი გუნდის განწყობა საკმარისი არ არის.
„ვეთანხმები კენტს იმაში, რომ მთავარი არ უნდა იყოს საკუთარი პარტიული ინტერესები, წინა პლანზე უნდა იდგეს საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ყურადსაღებია რეგიონული პოლიტიკური პროცესები. ასევე, პანდემიის ფონზე რისკის ქვეშაა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, არამედ არსებობს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. მხარეების ვალდებულებაა, რომ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არის და მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმებით არ მიდის. შედეგზე რომ გავიდეთ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ განწყობა არ არის საკმარისი. როცა მხარეთა შორის უთანხმოებაა, ორივე მხარემ უნდა გამოხატოს იმის სურვილი, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს. ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვოს, ხელში არა მხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს. საზოგადოების 60-მა პროცენტმა დაადასტურა, რომ საპარლამენტო ბოიკოტს ეწინააღმდეგება და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა – “თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა”.