„ეს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულია“ – ჯემალ გამახარია მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოს 4 მოქალაქის მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულია.

ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გუშინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 4 ადამიანია დაღუპული. დილის 4 საათზე მათ ენგურის გადალახვა ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც კი ეს ადამიანები შევიდნენ მდინარეში, მოუსწრო იმ კაშხლიდან გამოშვებულმა წყალმა. დაღუპულების ვინაობა ცნობილია. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა.
ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოში, თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებობს. ის, რაც მოხდა, მთლიანად რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულია. ენგურს გაღმა ატეხილია ხმაური. როგორც დე ფაქტო ხელისუფლება, ისე რუსი ოკუპანტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი დამნაშავე ქართული მხარეა, რომელსაც კარანტინი აქვს დაწესებული და ამის გამო ადამიანები შემოვლითი გზებით მიდიან, შემდეგ კი უბედური შემთხვევები ხდება.

იმდენად გამკაცრებულია რეჟიმი იქეთა მხარეს, რომ ადამიანები აქეთ გადმოსვლას ვერნაირად ვერ ახერხებენ. ადრე ყოველდღე 1500-მდე ადამიანი გადმოდიოდა, დღეს თითო-ოროლა გადმოდის, იმდენადაა გადაადგილება იქეთა მხრიდან შეზღუდული. თუ გადმოსვლას მოახერხებენ, აქ 5-დღიანი კარანტინი ხვდებათ, რომელიც მათ დიდ დისკომფორტს უქმნის.
საჭიროა, აქედან მაინც წავიდეთ დათმობაზე, ეს 5-დღიანი კარანტინი უნდა მოიხსნას და სწრაფი ტესტირებით შეიცვალოს. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არსებობს მზაობა, რომ კარანტინი გაუქმდეს, მაგრამ არა – ადამიანების ჯანმრთელობის ფასად.

ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული მატება შეიმჩნევა. იქ ატარებენ ტესტირებას, დღეში პლუს-მინუს 200 ტესტი ტარდაება. აქედან 35 ადამიანამდეა დაინფიცირებული. ეს პატარა რიცხვი არაა. საბედნიეროდ, გალის რაიონში ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ კარანტინის მოხსნა სავსებით შესაძლებელია. იცით, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ენგურსგაღმა ვაქცინაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, მიაწოდოს ვაქცინები ან ენგურს აქეთ გადმოსულ ადამიანებს ვაქცინაცია ჩაუტარდეთ”, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, გუშინ მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას 4 ადამიანი დაიღუპა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები