კენკრის ნერგის მწარმოებელ ფერმერებს სერთიფიცირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ქუთაისში კენკრის ნერგის მწარმოებელ ფერმერებს სერთიფიცირების საკითხებზე თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტრენინგის მონაწილეებს სანერგის მოწყობა და მართვა, კვალიფიციური სანერგის კრიტერიუმები, სერთიფიცირებული ნერგის წარმოება და სანერგისადმი წაყენებული მოთხოვნები გააცნეს. შეხვედრა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროცესი 2018 წელს დაიწყო და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერთიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლითა და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.