თამარ კორძაია: შეთანხმება ორმხრივი პროცესია, მაგრამ პირველი ნაბიჯი რომ ხელისუფლებას ეკუთვნის, ამას ჩვენი პარტნიორები ყოველთვის ხაზს უსვამენ
“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
კორძაიას თქმით, დიალოგი და შეთანხმება ორმხრივი პროცესია, მაგრამ პირველი ნაბიჯი ხელისუფლებას ეკუთვნის, საერთაშორისო პარტნიორები კი ამაზე ყოველთვის ხაზგასმით საუბრობენ.
„პირველ ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ ჯორჯ კენტის ან ნებისმიერის განცხადებაში აქცენტირებულია, რომ ხელისუფლებას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა ამ პროცესში და ხელისუფლება არის ის ობიექტი, რომელმაც მისთვის სასარგებლო დოკუმენტსაც კი არ მოაწერა ხელი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო განცხადებებით ყველას მოგვიწოდებენ, რადგან დიალოგი ორმხრივი პროცესია, შეთანხმებაც ორმხრივი პროცესია, მაგრამ პირველი ნაბიჯი რომ ხელისუფლებას ეკუთვნის, ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა – “თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა”.