სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება
“მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულებელყოფს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
ზურაბიშვილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულებელყოფს.
საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.
დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.
თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.