იაგო ხვიჩია: შეთანხმების იქეთ გზა არ არსებობს, უბრალოდ, როდის მიხვდებიან ამას მხარეები, ეს არის კითხვა – ჯერჯერობით, მიხვედრილებს არ ჰგვანან
“ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა გვინდა და რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ, პრობლემაა ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ჩვენთვის პარლამენტის გაკეთება”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდურ კონსულტაციებსა და „გირჩის“ მოთხოვნას ბუნებრივი ბარიერით სრულად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ხვიჩია ამბობს, რომ ამ მიმართულებით შეთანხმება არ არის მიღწეული.
,,ზოგადად, მგონია, რომ შეთანხმების იქეთ გზა არ არსებობს, უბრალოდ, როდის მიხვდებიან ამას მხარეები, ეს არის კითხვა. ჯერჯერობით, მიხვედრილებს არ ჰგვანან. შესაბამისად, არ ვიცი, როდის მოხდება, მაგრამ, საბოლოოდ, რაღაც შეთანხმება უნდა შედგეს, აბა, მართლა ომს ხომ არ დავიწყებთ.
ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა გვინდა და რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ, პრობლემაა ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ჩვენთვის პარლამენტის გაკეთება, იქ რომ შევიდეთ. რასაც ისინი პარლამენტს ეძახიან, რაღაცნაირი ჯადოსნური ადგილია, რომ შეხვალ, შენი რეპუტაცია ინგრევა, ამიტომ ვცდილობდით, გამოსავალი გვეპოვა, თორემ ის კი არა, რომ ჩვენ შესვლა არ გვინდა და დესტრუქტორები ვართ ამ პროცესში, არა, ჩვენ გვინდა, იყოს პარლამენტი, რომ შევიდეთ, რაც ვერ უზრუნველყო „ქართულმა ოცნებამ“.
პარლამენტის ყოფნა რას ნიშნავს, რომ შენ ხარ იქ პარლამენტის წევრი და ისე იქცევი, როგორც პარლამენტის წევრი, მაგალითად, იქ რომ ოპოზიცია ყველა ერთად იყოს, 60 ოპოზიციონერთან ერთად მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, თუ დავინახავ, რომ ხელისუფლება ცუდად იქცევა, როგორ დავუპირისპირდე 60 ოპოზიციონერთან ერთად, მაგრამ როცა სამ ადამიანთან ერთად შევალ, მაშინ როგორ უნდა დავუპირისპირდე, როცა ხელისუფლება, როდესაც საქმეზე ვეუბნები, მოდი, ეს გაავაკეთოთ, მეუბნება, რომ შენ 3-პროცენტიანი პარტია ხარ, მე 48-იანი. ხომ სულ მომიგებს და ვისთვის შევდივარ იქ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სულ მომიგოს, რადგან 48-პროცენტიანია და დანარჩენი ოპოზიციაც ვერ მეხმარება, ვინაიდან არ არიან პარლამენტში. ამიტომ არ არის პარლამენტი, შეუძლებელია, სამ-პროცენტიანი პარტიით მე რამე გავიტანო ორმოცდარვის წინააღმდეგ.
არ გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, რას აპირებენ ისინი სინამდვილეში,ზუსტად არ ვიცით ხელისუფლების გეგმები და რაღაც ინფორმაციები გვჭირდება, რომ ბოლომდე ინფორმირებულებმა გავაკეთოთ არჩევანი“, – განაცხდა იაგო ხვიჩიამ.