გიორგი ვაშაძე: ჩვენი ბოიკოტის მიზანია, ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც ქვეყანაშია, დავამარცხოთ

“თითოეულ მოქალაქეს მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ბოიკოტის მიზანი არის, ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, რამენაირად დავამარცხოთ და ვერ დავამარცხებთ ვერასდროს, თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ IRI-ის კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

ვაშაძის თქმითვე, კვლევებში ასახული საზოგადოების განწყობები აბსოლუტურად ბუნებრივია.

„ბოიკოტი არ არის ოპოზიციის თვითმიზანი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. ჩვენი საერთო მიზანი არის ის, რომ გავასწოროთ ქვეყნის განვითარების პროცესი. იმავე კვლევაში შეგიძლიათ, ნახოთ, რა უკიდურესად მძიმედ აფასებს ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას ხალხი. სწორედ ამის გასაუმჯობესებლად გვინდა, მივაღწიოთ, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი, ნორმალური არჩევნები, ამიტომ ვართ მოლაპარაკებებში და ვართ მზად შეთანხმებისთვის, რომ დავიწყოთ რაღაც ახალი ეტაპი ქვეყნის განვითარების – ერთი მხრივ, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ ქვეყანაში, მეორე მხრივ, შევთანხმდეთ ნორმალურ საარჩევნო სისტემაზე და ვიზრუნოთ ხალხის გაჭირვებაზე, შიმშილზე, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა არის ქვეყანაში. აბსოლუტურად ბუნებრივი განწყობილებაა საზოგადოების. ამიტომ ვართ მოლაპარაკებებში და ამიტომ ვართ მზად შეთანხმებისთვის. მე თითოეულ მოქალაქეს მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ბოიკოტის მიზანი არის, ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც არის დღეს ქვეყანაში რამენაირად დავამარცხოთ და ვერ დავამარცხებთ ვერასდროს თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები