ეროვნულ სასახლეში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის გაზაფხულის სეზონის პირველი კონცერტი გაიმართება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის გაზაფხულის სეზონის პირველი კონცერტი გაიმართება.

მსმენელთათვის, რომლებსაც ხანგრძლივმა პაუზამ კლასიკური მუსიკა მოანატრა, 8 აპრილს, 18:00 საათზე გ.ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, 2021 წლის გაზაფხულის სეზონის პირველ კონცერტს ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გამართავს.

ამჯერად ორკესტრს უდირიჟორებს საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი დირიჟორი, გდანსკში პოლონეთის ბალტიური ფილარმონიის (Polish Baltic Philharmonic) სამხატვრო ხელმძღვანელი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე. “კონცერტის სოლისტი იქნება ახალგაზრდა პიანისტის გიორგი გიგაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მარტა არგერიხის სტიპენდიანტი გახდა და აპრილში მონაწილეობას იღებს არტურ რუბენშტაინის სახელობის პიასნისტთა საერთაშორისო კონკურსზე. ამგვარად, მსმენელს საშუალება ექნება კონკურსზე გამგზავრებამდე მოისმინოს გიორგის საფინალო ტურის პროგრამა. პროგრამაშია: მოცარტის სიმფონია №39 და ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტი. ცნობისთვის: მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობისა, ორკესტრმა პანდემიის პერიოდში, გასულ სეზონში, ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილი ონლაინ საკონცერტო სერიები შესთავაზა მსმენელს. კონცერტზე დაიშვება შეზღუდული რაოდენობის აუდიტორია, ყველა სტუმარი გაივლის თერმო სკრინინგს და დაცული იქნება დამსწრეებს შორის დადგენილი დისტანცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები