კომუნიკაციების კომისიამ მარტის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას გასული თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა. მარტის ComCom დაიჯესტი სატელეკომუნიკაციო სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებს და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი საკითხი კომუნიკაციების კომისიის ახალ შემადგენლობას ეხება. მარტში საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ორი ახალი წევრი, ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე ექვსი წლის ვადით აირჩია. კომისიის ახალ წევრებს ტელეკომ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ვრცლად იხილეთ დაიჯესტში. მარტში ასევე ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინის“ 49%-ის უკანონო მფლობელმა ნასიბ ჰასანოვმა კვლავ უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ვიდრე კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავდა „კავკასუს ონლაინის“ დანარჩენი 51% დაჩქარებული წესით, ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე შეიძინა. ამჟამად ჰასანოვი „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის უკანონო მფლობელია. მარტის თვეში ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში თავად აღნიშნავს იმ მასშტაბურ პრობლემას და გამოწვევას, რომლის გადასაჭრელადაც კანონში ცვლილებები შევიდა. ვენეციის კომისიამ იმისთვის, რომ კანონი უფრო ეფექტური გახდეს, სახელმწიფოს რეკომენდაციები მისცა. მარტის ComCom დაიჯესტში შევიდა „მაგთიფიქსის“ თემა. კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე შეუმცირა. „მაგთიფიქსის“ სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა, რადგან ამ გეოგრაფიულ ზონაში ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებების პრობლემაა. ComCom დაიჯესტი ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის განვითარების ტენდენციებს მოიცავს. ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა მილიონამდე გაიზარდა და პენეტრაციამ 86%-ს მიაღწია. საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია. მარტის დაიჯესტი ასევე მაუწყებლობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს მოიცავს. მარტში კომუნიკაციების კომისიამ ტელე და რადიო მაუწყებლების 2020 წლის სარეკლამო შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი 9%-ით შემცირდა. ხოლო რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. ComCom დაიჯესტის კიდევ ერთი თემაა მედიააკადემიის ონლაინ მასტერკლასი. ოთხი ავტორის 30 ონლაინ ლექცია და 160,000-ზე მეტი ვიზიტორი 6 თვეში – ეს ის შედეგია, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ბაზაზე ექსკლუზიურად შექმნილმა პროექტმა დადო. ეს არის ონლაინ მასტერკლასების ციკლი, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს, ვინც ამ პროფესიაზე ფიქრობს, ან უბრალოდ უნდა იცოდეს რა ხდება გადასაღებ მოედანზე და კადრს მიღმა, შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს ისწავლოს, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი. მასტერკლასის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ComCom დაიჯესტის მარტის შეჯამებაში შეგიძლიათ მიიღოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები